Zara-ს დამფუძნებლის უძრავი ქონების ღირებულებამ გასულ წელს $20 მილიარდს მიაღწია

Zara-ს დამფუძნებლის უძრავი ქონების ღირებულებამ გასულ წელს $20 მილიარდს მიაღწია

ესპანელი მილიარდერის, ამანსიო ორტეგას საინვესტიციო ფირმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2.8 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 18.1 მილიარდ ევროს მიაღწია (დაახლოებით $20 მილიარდი). შეგახსენებთ, ორტეგა მოდის სფეროს გიგანტის, Inditex-ის დამფუძნებელია. ეს უკანასკნელი ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა Zara, Bershka, Massimo Dutti, Pull&Bear-ი და სხვა.

Pontegadea-მ, ორტეგას საოჯახო საინვესტიციო ფირმამ, ბოლო პერიოდში თავისი პორტფელი ლოგისტიკურ ცენტრებში ინვესტიციებით გაზარდა, რომლებსაც დიდი გლობალური კომპანიები იყენებენ, მაგალითად Fedex-ი. გარდა ამისა, მან ინვესტიციები ჩადო ძვირად ღირებულ შენობებში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ნიუ-იორკიდან სიეტლამდე, გარდა საოფისე სივრცეებისა.

Pontegadea, რომელიც წლების განმავლობაში ძირითადად უძრავ ქონებაზე იყო ორიენტირებული, ასევე ცდილობს ინვესტირებისთვის ენერგოკომპანიების შერჩევას. ამასთანავე, საინვესტიციო ფირმა ყიდულობს აქციებს მზის ელექტროსადგურებში, ელექტრო ქსელის ოპერატორებსა და ქარის ელექტროსადგურებში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Pontegadea-მ 2 მილიარდი ევროს ოდენობის წმინდა მოგება მიიღო, მაშინ, როდესაც 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1.6 მილიარდი ევრო შეადგინა. ამაზე ძირითადად Inditex-ის დივიდენდების ზრდამ იქონია გავლენა, რაც, თავის მხრივ, პანდემიის შემდეგ მისი მთავარი ბრენდის, Zara-ს სწრაფად აღდგენამ განაპირობა.

მოდის გიგანტმა გასულ წელს ბევრ კონკურენტზე უკეთესი შედეგი აჩვენა და პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტი მოგება დააფიქსირა.

ამანსიო ორტეგა Inditex-ის წამყვანი აქციონერია, კომპანიაში 59.29%-იანი წილით. უახლოეს მომავალში, ორტეგასთვის ერთ-ერთ მთავარ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში Inditex-ი Zara-ს უფრო მეტი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

Forbes-ის შეფასებით, ამანსიო ორტეგა მოცემული დროისთვის $91.2 მილიარდს ფლობს და მსოფლიოში მე-14 ყველაზე მდიდარი ადამიანია.