ტანსაცმლის საცალო გაყიდვების უმსხვილესი გლობალური ქსელი – Inditex, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა: Zara, Stradivarius, Pull & Bear, Massimo Dutti, წელს რეკორდულ მოგებაზეა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება 80%-ით გაიზარდა და შემოსავლების მაჩვენებელმა პანდემიამდელ პერიოდსაც კი გადააჭარბა. საერთო ჯამში, გასულ კვარტალში Inditex-მა 7.2 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, წმინდა მოგებამ კი $810 მილიონი შეადგინა.
კომპანიის გენერალური დირექტორის, ოსკარ გარსია მაკეირასის განცხადებით, Inditex-ის წარმატება ეფექტური ბიზნესმოდელითა და ინოვაციაზე, მდგრადობასა და გაციფრულებაზე სტრატეგიული ფოკუსირებითაა განპირობებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყება ნეგატიურად აისახა Inditex-ის შემოსავლიანობაზე. ომის არდაწყების შემთხვევაში, სავარაუდოდ, კომპანია მოგების მაჩვენებლის მილიარდ დოლარამდე გაზრდასაც შეძლებდა. საგულისხმოა, რომ Zara-ს ქსელი განსაკუთრებული პოპულარობით რუსეთის ბაზარზე სარგებლობდა, სადაც კომპანიამ, პროტესტის ნიშნად, საკუთარი ნებით შეაჩერა საქმიანობა და 500-მდე სავაჭრო ობიექტი დახურა.
მიღებული მოგების ნაწილი ბიზნესის გაფართოებას მოხმარდება, დარჩენილი ნაწილი კი ინვესტორებზე გადანაწილდება დივიდენდის სახით.
დატოვე კომენტარი