30 სექტემბერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულარულმა გუნდმა, Golden State Warriors-მა გუნდის საოპერაციო მიმართულებებზე ახალი კადრები წარადგინა. საკალათბურთო გუნდის განცხადების თანახმად, Golden State Warriors-ის ყოფილი ცენტრი, ქართული კალათბურთის ლეგენდა, ზაზა ფაჩულია გუნდის კალათბურთისა და ბიზნესის ურთიერთობების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, Golden State Warriors-ის სპორტული განვითარების მიმართულებას შეუერთდა. 2019 წელს, 16 წლიანი საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ქართველი კალათბურთელი გუნდში ბიზნესისა და კალათბურთის ოპერაციების მიმართულებების კონსულტანტად დაინიშნა.
საქართველოს ნაკრების ღვაწლმოსილ კაპიტანს 2017 და 2018 წლებში Golden State Warriors-ის მაისურით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის, გათამაშება ორჯერ აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთ სხვა ქართველ კალათბურთელს მსგავსი უმაღლესი რანგის ტიტული არასდროს მოუპოვებია. ქართველმა ცენტრმა კი ეს ორჯერ შეძლო.
ზაზა ფაჩულია სხვადასხვა დროს NBA-ს რამდენიმე გუნდში ასპარეზობდა. Orlando Magic, Milwaukee Bucks, Atlanta Hawks, Dallas Mavericks, Golden State Warriors და Detroit Pistons – იმ ამერიკული გუნდების ჩამონათვალია, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი საკუთარი კარიერის განმავლობაში იცავდა.
დატოვე კომენტარი