უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ამერიკულ ონლაინ-გამოცემა „Axios“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია აშშ-ის გადაწყვეტილებით, ხელი აღარ შეუშალონ რუსეთის ფედერაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებაში.
„გულწრფელად გითხრათ, ძალიან გაოცებულები ვართ. კვლავ მგონია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის იარაღი, როგორც ევროპის უსაფრთხოების ჭრილში, ასევე, მჯერა, რომ აშშ-ის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უსაფრთხოების ჭრილშიც. ნამდვილი იარაღია და ამაზე ღიად ვსაუბრობ. ეს იარაღი კი რუსეთის ფედერაციის ხელშია – ჩემთვის გაუგებარია და არც კი მოველოდი, რომ ამ იარაღის ტყვიებად შეიძლებოდა აშშ-ის მსგავსი ქვეყანა ქცეულიყო…. ამიტომაც, გავიმეორებ, უსიამოვნოდ გაოცებულები ვართ“ – განაცხადა ზელენსკიმ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, რუსული გაზი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულების შემდეგ რუსეთი გერმანიას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.
აღნიშნულ პროექტის დასრულების მოწინააღმდეგეთა რიგებშია პოლონეთი, სლოვაკეთი და უკრაინა. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის მათ ეკონომიკასა და უსაფრთხოებას.
მათ რიგებში იყო აშშ-ც, თუმცა 2021 წლის მაისში მდგომარეობა შეიცვალა. აღნიშნული პროექტის ირგვლივ გერმანიასა და აშშ-ს შორის არსებული აზრთა სხვაობა კიდევ უფრო ართულებდა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. მიუხედავად ამისა, ობამასა და ტრამპის ადმინისტრაციები კვლავ ღიად ეწინააღმდეგებოდნენ პროექტის დასრულებას. მეტიც, 2019 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შვეიცარიულ კომპანიას „Allseas“, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს აწარმოებდა, სანქციები დაუწესა. შედეგად, პროექტის დასრულება გადავადდა.
იმავე პოზიციას იზიარებდნენ პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრებიც. 2021 წლის 20 იანვარს, ენტონი ბლინკენმა, ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, სენატში მოსმენაზე განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებდა პროექტის შესაჩერებლად. შესაბამისად, სრულებით გასაგებია ზელენსკის მოლოდინი, პროექტის მოწინააღმდეგეთა რიგებში პარტნიორი სახელმწიფოც ყოფილიყო. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში ბაიდენის ადმინისტრაციამ პროექტში ჩართულ მხარეებზე დაწესებული სანქციები გააუქმა, გერმანიასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით.
„რამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიძლება დაჯდეს აშშ-სა და გერმანიის კარგი ურთიერთობა?“ – ასე შეაფასა Axios-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აშშ-გერმანიის „დალაგებული“ ურთიერთობა.
მიუხედავად იმედგაცრუებისა, ზელენსკი ფიქრობს, რომ პროექტის შეჩერების შანსები ჯერ კიდევ არსებობს. ის სთხოვს პრეზიდენტ ბაიდენს, ჩანიშნონ შეხვედრა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, 2021 წლის 16 ივნისამდე და კიდევ ერთხელ განიხილონ პროექტთან ასოცირებული საფრთხეები. სწორედ 10 დღეში უნდა შეხვდეს ბაიდენი პუტინს ჟენევაში.
Only 🇺🇸 & @POTUS can stop the completion of #NordStream2. It's a powerful weapon given to Russia. The launch of this pipeline will deprive Ukraine of the funds needed to reinforce its army, which today protects the entire Europe. Stressed this in a dialogue with @USSenate members pic.twitter.com/akqbNea7C8
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 2, 2021