უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია ქალი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მომზადებაში დახმარება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინფორმანტი რუსულ სადაზვერვო სამსახურს ზელენსკის მიკოლაევის რეგიონში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. კერძოდ კი, როგორც ირკვევა, ბრალდებული უკრაინის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტსა და დროს ადგენდა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ზელენსკი გასული თვის ბოლოს მიკოლაევისა და ოდესის რეგიონებს მოულოდნელად, წინასწარი ინფორმაციის გავრცელების გარეშე ესტუმრა. ასეთი ვიზიტები კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
SBU-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული უკრაინაში, ოჩაკივის რეგიონში ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის ტერიტორიაზე მაღაზიაში მუშაობდა. ოფიციალური პირების ცნობით, ქალი 1-ელ აგვისტოს დააკავეს. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დრომდე არ ასაჯაროებენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი კონტრზომების დამსახურებით ბრალდებულს ყოველგვარ ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა. შესაბამისად, მან წინასწარ ვერ შეძლო ზელენსკის გადაადგილების მარშრუტისა გაგება. თუმცა, ბრალდებული მაშინვე არ დაუკავებიათ.
ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქალის თვალთვალი განაგრძო. მათი ინფორმაციით, რუსულმა სადაზვერვო სამსახურებმა ბრალდებულს ოჩაკივის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საწყობებისა და ელექტრონული სისტემების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სთხოვეს. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად კი ქალმა სხვადასხვა ლოკაციებზე უკრაინული ობიექტების დასურათება დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.