2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 300 დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ბოლო წუთამდე საიდუმლოს წარმოადგენდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ პირველად დატოვა. ნაკლებად მოსალოდნელია, ამგვარი სარისკო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ოფისს კონკრეტული შედეგების მოლოდინის გარეშე მიეღო.
ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბუნებრივია, ამ შეხვედრას ფორმალური მხარის გარდა, მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ორივე სახელმწიფოს ლიდერებმა საუბრის შემდეგ ერთხმად განაცხადეს, რომ ომი ახალ ფაზაში გადადის. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებით, ზელენსკის ვაშინგტონში მიწვევას სხვა მიზეზებიც აქვს.
ერთ-ერთი ასეთი გარემოება კი ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის გაგება გახლდათ ომის დასრულებასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, კონფლიქტს „მხოლოდ მშვიდობა“ დაასრულებს. პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც, შესაბამისად, სწორედ ომის დამთავრებასთან დაკავშირებით პოზიციების ნათლად გამოკვეთა იყო. კონგრესის წინაშე გამოსვლისას კი ზელენსკიმ განმარტა, რომ ჯო ბაიდენს „მშვიდობის ფორმულის“ 10-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული გეგმა გასულ თვეს G-20-ის სამიტზე წარდგენილი გეგმა გახლდათ.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ გამოსვლაში აშშ-ის ისტორიიდან მონაკვეთებს ციტირებდა. სწორად შერჩეული სიტყვებითა და ემოციური გამოსვლით ის ამერიკელი კანონმდებლების გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცადა. მისი გამოსვლა სწორედ იმ ეჭვების გაქარწყლებას ემსახურებოდა, რომლებიც შესაძლოა, კანონმდებლებს ოკეანის მიღმა მიმდინარე ომში გამარჯვებისათვის გადაცემული ათეულობით მილიონი დოლარის გამო ჰქონოდათ. „თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
თუმცა, ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მიღწევას არ ემსახურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-დან 2 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი „წამოიღო“. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კი უკრაინისათვის იმ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გადაცემასაც გულისხმობს, რომელსაც თვეების განმავლობაში ითხოვდნენ. Patriot-ების მიწოდება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
დატოვე კომენტარი