Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ავტორიტეტული ჟურნალის, TIME-ის წლის ადამიანად დასახელდა. როგორც ჩანს, მისმა კანდიდატურამ აღნიშნული ნომინაცია წარმატებული წლის შემდეგ დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის კომპანია, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, სულ რამდენიმე კვირის წინ საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი გახდა და მისმა ღირებულებამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ ღირებულების მქონე კომპანიების რაოდენობა კი მსოფლიოში ძალიან მცირეა. გარდა ამისა, მისივე კომპანიის, SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა პირველად შეასრულა ფრენა სრულად სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებული ბორტით.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული ორი კომპანიისა, ამერიკელი მილიარდერი მაღალტექნოლოგიურ სტარტაპს, Neuralinks-სა და ინფრასტრუქტურულ კომპანია The Boring Company-საც ფლობს. მათი ჯამური ღირებულება კი მრავალი მსხვილი კომპანიის ჯამურ ღირებულებასს ბევრად სცილდება.
ჟურნალის მთავარი რედაქტორის, ედუარდ ფელსენტალის განცხადებით, ილონ მასკი წლის ადამიანად მრავალი მიზეზის გამო დასახელდა, რომელთა შორისაც ეგზისტენციალური კრიზისებისათვის პასუხების პოვნა, ტექნოლოგიური გიგანტების ეპოქაში მრავალი შესაძლებლობის წარმოჩენა და საზოგადოების ყველაზე გაბედული ტრანსფორმაციის მცდელობები შედის.
მრავალ საკითხზე არაორდინარული მოსაზრების გამოხატვის გამო ილონ მასკის ტვიტები მედიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჟურნალ TIME-ის მოსაზრებით კი წლის ადამიანის ტიტული სწორედ მან უნდა მოიპოვოს, ვინც ჩვენი ცხოვრების ახალ ამბებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
შეგახსენებთ, რომ TIME-ის წლის ადამიანებად სხვადასხვა დროს მარკ ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსიც დასახელდნენ.
დატოვე კომენტარი