გამოცემა CNN-ი იმ 6 კომპანიას ასახელებს, რომელიც პანდემიის მიუხედავად აშშ-ში თანამშრომელთა აყვანას განაგრძობს.
როგორც გამოცემა წერს, მართალია კორონავირუსის გამო აშშ-ის ეკონომიკა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ ზოგიერთ კომპანიას ზრდა უფიქსირდება და გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი კადრები სჭირდებათ.
დამატებითი თანამშრომლების საჭიროება ასევე უკავშირდება სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასაც და ზოგიერთი კომპანია სწორედ სეზონურად ქირაობს დამატებით კადრებს.
6 კომპანიის ჩამონათვალი, რომლებიც კადრების აყვანას განაგრძობს ასე გამოიყურება:
1.Amazon
Amazon-მა დაახლოებით 30,000-მდე ვაკანსია გამოაცხადა სექტემბრის თვეში. კომპანიის განცხადებით, მათი ანაზღაურება დაახლოებით 15 აშშ დოლარით განისაზღვრება საათში.
2. FedEx
FedEx-ის განცხადებით, კომპანია დამატებით 70,000 თანამშრომლის აყვანას გეგმავს, მათი უმრავლესობა სეზონურად დასაქმდება მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით.
3. Party City
ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაული ინვენტარის მომმარაგებელი კომპანია Party City-ი დაახლოებით 20,000 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, მართალია დღესასწაული ტრადიციული მეთოდით არ ჩატარდება, მაგრამ იმედოვნებს, რომ სადღესასწაულო ინვენტარზე და დეკორაციებზე მოთხოვნა იქნება და დაახლოებით დამატებით 25-მდე დროებით მაღაზიას გახსნის აშშ-ის მასშტაბით.
4. 7-Eleven
შერეული პროდუქტების საცალო მაღაზიათა ქსელმა 7-Eleven-მა მარტის თვეში პანდემიადე 50,000-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა. საცალო მაღაზიათა ქსელი აგრძელებს დამატებითი თანამშრომლების აყვანას პანდემიის დროს გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
5. Target
კომპანია Target-იც ემზადება დამატებითი თანამშრომლების ასაყვანად. გასულ წელს, კომპანიამ სადღესასწაულო სეზონებისთვის დაახლოებით 130,000 ახალი თანამშრომელი დაიქირავა და წელსაც გეგმავს დამატებითი კადრების აყვანას. ასევე Target-მა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ აფროამერიკელი მოქალაქეების შრომითი წილის 20%-მდე გაზრდას გეგმავს კომპანიაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
6. Walmart
სუპერმარკეტების ქსელმა Walmart-მა მარტის თვეში დაახლოებით 500,000 ახალი თანამშრომელი აიყვანა და ამჟამად კიდევ დაახლოებით 20,000 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.
დატოვე კომენტარი