"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “კარფური“?

როგორ გამდიდრდა “კარფური“?

2019 წელს ტრანსნაციონალურმა კომპანია “კარფურმა“ 83 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა წელი მოგების ნაცვლად 662 მლნ დოლარის ზარალით დაასრულა. კომპანიის აქტივები 54 მილიარდი დოლარია, მსოფლიოს მასშტაბით 375 ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული 12 300 მაღაზიაში. 2000-იან წლებში “კარფური“ მსოფლიოს ყველაზე მაღალ შემოსავლიან 30 კომპანიაში შედიოდა. 2009 წლის მსოფლიოს კრიზისის შემდეგ პოზიციები დათმო, თუმცა დღეს მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით 81-ე ადგილზეა, რაც მაინც საკმაოდ კარგი პოზიციაა.

“კარფურის“ პირველი მაღაზია, 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1960 წელს საფრანგეთში, ანსის გარეუბანში გაიხსნა. მაღაზია გზაჯვარედინთან მდებარეობდა და სახელი “კარფური“, რომელიც ფრანგულად გზაჯვარედინს ნიშნავს, სწორედ ამიტომ დაერქვა. კომპანიის დამაარსებლები მარსელ ფურნიე, დენის დეფორეი და ჟაკ დეფორეი არიან, რომლებიც 1958 წლიდან თანამშრომლობდნენ. მათ აშშ-ში საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული სემინარი ჰქონდათ მოსმენილი.

“კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი პარიზთან ახლოს 1963 წელს, პატარა ქალაქ სენტ ჟენე დე ბუაში გაიხსნა. ეს იყო პირველი მაღაზია ევროპაში, სადაც სხვადასხვა განყოფილების მაღაზიები, ერთ ჭერ ქვეშ იყო განლაგებული. მაღაზია 2 500 კვადრატულ მეტრზე განთავსდა, სადაც 400 მანქანაზე გათვლილი უფასო პარკინგიც იყო. ერთ სივრცეში განლაგებული ფართო ასორტიმენტი მაღაზიის ფიქსირებულ ხარჯებს ამცირებდა და პროდუქციის შედარებით იაფად გაყიდვის საშუალებას იძლეობა. შესაბამისად, ვაჭრობა კარგად მიდიოდა.

1973 წელს “კარფურმა“ პირველი მაღაზია საფრანგეთს გარეთ ბელგიაში გახსნა. ბელგიას მოჰყვა იტალია და ესპანეთი. 1975 წელს კი “კარფური“ ბრაზილიაში გაიხსნა.

1976 წელს კარფურმა საკუთარი პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. პირველ ეტაპზე ეს იყო ზეთი, რძე, მაკარონი და ნამცხვრები. საკუთარ პროდუქციას მარტივ, თეთრ შეფუთვაში ათავსებდა, ბრენდირების გარეშე. ამ გზით ხარჯებს ზოგავდა და პროდუქციას კიდევ უფრო იაფად აწვდიდა მომხმარებელს.

1981 წელს “კარფურმა“ “პას-ბარათი“ გამოუშვა, რომელიც ერთდროულად, როგორც საკრედიტო ასევე ქულების დაგროვებითი ბარათიც იყო. სამ წელიწადში უკვე ბარათი, 200 ათასზე მეტ მომხმარებელს ჰქონდა.

რადგან, საფრანგეთის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გარკვეულწილად “კარფურის“ ზრდას ზღუდავდა, კომპანია საერთაშორისო ბაზრებით კიდევ უფრო დაინტერესდა. 1982 წელს არგენტინაში გახსნა მაღაზიები, 1989 წელს ტაივანში, ხოლო 1990 წელს კი აშშ-ში, ფილადელფიაში.

1992 წლიდან “კარფურმა“ მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტების წარმოება და გაყიდვა დაიწყო, რომლებიც “ბიოს“ ნიშნის ქვეშ გაერთიანდა. 

1990-იანი წლებიდან “კარფური“ პოსტსოციალისტური ბლოკის ქვეყნებში შედის, მათ შორის ჩინეთში.

1999 წელს კომპანიამ სუპერმარკეტების ქსელი “პრომოდისი“ მიიერთა (16 მილიარდ დოლარად) და “ვოლმარტის“ შემდეგ სიდიდით მეორე სუპერმარკეტების ქსელი გახდა. უკვე 9 000 მაღაზია ჰქონდა და 240 ათას ადამიანს ასაქმებდა.

2000 წლიდან კარფურმა ონლაინ მაღაზიის განვითარება დაიწყო, სადაც თავიდან 6 ათასამდე პროდუქტი განათავსა.

2005 წლიდან კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნებში უკვე არსებული სუპერმარკეტების შესყიდვა დაიწყო. ამ დროს კომპანიის შემოსავალი 94 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 130 მილიარდ დოლარს, 2008 წელს მიაღწია, შემდეგ კი შემოსავლებმა კლება იწყო. 2012 წლიდან მისი შემოსავლები 80-100 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს. შემოსავლების კლება გარკვეულწილად კონკურენციის ზრდამ განაპირობა.

“კარფური“ საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და წლიდან წლამდე მისი მაღაზიების ქსელი იზრდება. 2019 წლის ბოლოსთვის 14 მაღაზია აქვს გახსნილი.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა