"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “ჯენერალ ელექტრიკი“?

როგორ გამდიდრდა “ჯენერალ ელექტრიკი“?

2019 წელს კომპანია “ჯენერალ ელექტრიკმა“ 95 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის აქტივები 266 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ეპიდემიამდე, 112 მილიარდი დოლარი იყო, ახლა 50 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. 2016 წელს კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარსაც აღწევდა. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 205,000 ადამიანი.

ცნობილმა ამერიკელმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა, ტომას ედისონმა 1880-იან წლებში რამოდენიმე კომპანია დააარსა, რომლებიც 1889 წელს ერთ კომპანიაში “ედისონ ჯენერალ ელექტრიკში“ გააერთიანა. კომპანია სხვადასხვა ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა.

               

1892 წელს “ედისონ ჯენერალ ელექტრიკი“ და ჩარლზ კოფინის კომპანია “ტომსონ-ჰიუსტონ ელექტრიკი“ გაერთიანდა და გაერთინებით შექმნილ ახალ კომპანიას “ჯენერალ ელექტრიკი“ დაარქვეს. 128 წელია კომპანია ამ სახელს ატარებს.

თავიდანვე “ჯენერალ ელექტრიკში“ საუკეთესო ინჟინრებმა და გამომგონებლებმა მოიყარა თავი. მაგალითად, მათ შორის იყო ჩარლზ შტეინმეცი, რომელიც აშშ-ში ელექტროენერგიის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ითვლება. შტეინმეცმა 200-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა.

1896 წელს, “ჯენერალ ელექტრიკი“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების პაკეტი გაყიდა. ის ერთ-ერთი იყო 12 კომპანიისგან რომლების აქციების ფასებსაც მოიცავდა ახლად შექმნილი Dow Jones Industrial Average ინდექსი. აღნიშნულ ინდექსში კომპანია 2018 წლამდე დარჩა.

1900 წელს, კომპანიამ ინდუსტრიული კვლევების საკუთარი ლაბორატორია შექმნა, სადაც ბერვი ახალი პროდუქტი შეიქმნა და განვითარდა. “ჯენერალ ელექტრიკი“ ამერიკული ონოვაციების სიმბოლოა და პირველ რიგში, ეს ტომას ედისონის დამსახურებაა. ედისონთან და მის კომპანიებთან ასოცირდება ელექტრო ნათურა, ფონოგრაფი, ფოტოაპარატი, რადიო, ტელევიზია, ელექტრო ლოკომოტივი და სხვადასხვა საოჯახო ტექნიკა. მოგვიანებით “ჯენერალ ელექტრიკი“ შედის საავიაციო, კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების, საფინანსო და სამაუწყებლო ინდუსტრიებშიც.

               

1919 წელს, “ჯენერალ ელექტრიკმა“ ამერიკის რადიო კორპორაცია დაარსა, რომელსაც ეკუთვნოდა ტელევიზია და რადიო NBC, ის, ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფართომასშტაბიანი სამაუწყებლო კომპანიაა. 1932 წელს “ჯენერალ ელექტრიკს“ სამაუწყებლო კომპანიების გაყიდვა მოუწია, რადგან ანტიტრასტული კანონმდებლობის დარღვევაში ედავებოდა სახელმწიფო. 1986 წელს კომპანიამ NBC დაიბრუნა, რაც 6.4 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, 2013 წლამდე წილები თანდათან გაასხვისა.

1920-იანი წლებიდან კომპანია საოჯახო ტექნიკის მასობრივ წარმოებას იწყებს, რითიც შეცვალა ამერიკული სახლების ინტერიერი და იმ დროისთვის ქალის საქმიანობად მიჩნეული საოჯახო საქმეები გაამარტივა და ზოგ შემთხვევაში ტექნიკით ჩაანაცვლა.

მეორე მსოფლიო ომის დროს “ჯენერალ ელექტრიკი“ მნიშვნელოვან დაკვეთებს იღებდა სახელმწიფოსგან, რაც მის შემოსავლებს სწრაფად ზრდიდა. 1949 გამოუშვა თვითმფრინავების პოპულარული ძრავი J-47.

               

ომის შემდეგ ეკონომიკური ბუმის წლები იყო, მეტ-ნაკლებად ყველა სექტორი კარგად ვითარდებოდა, მათ შორის ელექტრო და მექანიკური ტექნიკის. 1960-1970-იან წლებში კომპანიის მთავარი პროდუქტები განათებასთან დაკავშირებული მოწყობილობები და სამედიცინო ტექნიკა იყო.

1980-იანი წლების დასაწყისში კომპანიის წლიური შემოსავალი, 25 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც სწრაფად იზრდებოდა და 2001 წელს უკვე 130 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა “ჯენერალ ელექტრიკი“ ძალიან დააზარალა, მისი აქციების ფასი 42%-ით დაეცა. გარკვეული დახმარება უორენ ბაფეტმა გაუწია, რომელმაც კომპანიაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. თუმცა, კომპანია დღემდე ვერ დაუბრუნდა კრიზისამდელ მდგომარეობას, 2010-იან წლებში ბევრი პრობლემა გამოიარა. 2019 წელი შედარებით კარგი ქონდა, მაგრამ 2020 წლიდან კორონავირუსმა მისი შემოსავლები 34%-ით შეამცირა.

რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ჯენერალ ელექტრიკი“ ნათურების ბიზნესს (GE Lighting) ყიდის. ეს არის ედისონის დროს დაწყებული წარმოება, რომელიც კომპანიის დაარსების საფუძველი გახდა და ამასთან ერთად “ჯენერალ ელექტრიკის“ ყველაზე სიმბოლური პროდუქტი. აღნიშნული ხაზის გაყიდვა კომპანიაში ფინანსური პრობლემების გამოსასწორებლად დაჭირდა. კომპანიის კონგლომერატში დარჩება ისეთი ძლიერი სუბსიდიარები, როგორებიც არიან: GE Aviation, GE Capital, GE Digital, GE Global Research, GE Hitachi Nuclear Energy, GE Healthcare, GE Power, GE Renewable Energy და GE Ventures. 2019 წელს კომპანიამ ყველაზე მაღალი შემოსავალი, 33 მილიარდი დოლარი ავიაციიდან მიიღო.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა