კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარება ახალგაზრდებში

Forbes-WEB-24042205

თენგიზ ვერულავა, შოთა აბზიანიძე
კავკასიის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი

ნარკოტიკული საშუალებები სულ უფრო მრავალფეროვანი, საშიში და რთულად კონტროლირებადი ხდება. საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ბაზამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ნარკოტიკული საშულებების, განსაკუთრებით კი კანაბინოიდების მოხმარების კუთხით. 2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მოეხსნა ზედოზირების შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა დროული სამედიცინო დახმარების მიღებას. 2015 და 2018 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად  მოხდა კანაბინოიდების პროდუქტების ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია.

ცხადია, აღნიშნული ცვლილებები გავლენას ახდენს ნარკოტიკული საშულებების მოხმარებაზე. თუმცა ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები მწირი რაოდენობით მოიძიება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების შესწავლა, რაც მეტ ნათელს მოჰფენს ნარკოტიკული საშულებების მოხმარების კუთხით არსებულ სიტუაციას საქართველოში.

ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია

ნარკოტიკული ნივთიერებების ბაზარი სწრაფად იცვლება და ივსება ახალი ნარკოტიკული საშუალებებით, იხვეწება მათი გავრცელების გზები, ფართოვდება ასაკობრივ-გეოგრაფიული მოცვა. ნარკოტიკული საშულებები 7 ჯგუფად იყოფა: ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორები, ჰალუცინოგენები, დისოციაციური ანესთეტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ინჰალანტები და კანაბინოიდები.

კანაბინოიდები მიიღება მცენარე კანაფისაგან და სინთეზური გზით. სტიმულატორები ძირითადად სინთეზური გზით მიღებული ნივთიერებებია, რომელთაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDMA (ექსტაზი). ეს ნივთიერებები მასტიმულირებელ ეფექტს ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჰალუცინოგენები (ე.წ. „ფსიქოდელიკები“) ბუნებრივი და სინთეზური გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალებებია, რომლებიც იწვევენ აღქმისა და შეგრძნების შეცვლილ მდგომარეობას, რეალობის დამახინჯებას და რომლებსაც თან ახლავს სხვადასხვა აუდიო- თუ ვიზუალური ჰალუცინაციები.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 15-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 5.6%, ანუ ყოველი ერთი ადამიანი 18-დან, მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს ბოლო 12 თვის განმავლობაში, რაც 26%-ით აღემატება 2010 წლის მონაცემებს.

ნარკოტიკულ საშუალებებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კანაბინოიდების პროდუქტები, რომელთაც ქვეყნების 40% ასახელებს ძირითად ნარკოტიკულ საშუალებად.

ამფეტამინის ტიპის სტიმულანტების მოხმარება 2020 წლის მონაცემით შეადგენდა 500 ტონას, რაც 50-ჯერ აღემატება 1998 წლის მონაცემებს და ეს საყურადღებო ტენდენციის მანიშნებელია. ზრდა ფიქსირდება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. საყურადღებოა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისას ზედოზირების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის მონაცემებით დაფიქსირდა 2000 შემთხვევა, ხოლო 2020 წლის მონაცემებით შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს მიაღწია.

2022 წლის მონაცემებით, 15-64 წლის ასაკობრივი კატეგორის 34 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 0.7% ამფეტამინის მომხმარებელია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხოლო ექსტაზის მომხმარებელია მსოფლიო მოსახლეობის 0.4% ანუ 20 მილიონი ადამიანი.

გაიზარდა კანაბინოიდების ტიპის პროდუქტების გლობალური მოხმარება. კერძოდ, კანაფი რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებად, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 4% მოიხმარს. 2010 წელს კანაფს მოიხმარდა 170 მილიონი ადამიანი, ხოლო 2020 წელს აღნიშნული მონაცემი 209 მილიონამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 23%-იანი ზრდაა. კანაბინოიდების მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ზელანდიაში, ავსტრალიასა და აფრიკაში, ხოლო ასაკობრივ ჭრილში – მოზარდებში (5.8%).

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მოქმედი ფაქტორები

კანაფის ნაადრევი მომხარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ადრეული მოხმარება ასევე ზრდის შემდგომში რეგულარული მოხმარების რისკს. კანაბინოიდებს ყველაზე მეტად მამაკაცები მოიხმარენ, კერძოდ, ისინი წარმოადგენენ მომხმარებელთა ორ მესამედს. თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ კანაბინოიდების მოხმარებას არა იმდენად სქესი, რამდენადაც ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

ახალგაზრდების ქცევა ნარკოტიკთან მიმართებით მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება გამოცდილების მიღებისა და ემოციური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით ხდება, ხოლო მეორე მხრივ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს რთული სოციალური პირობების გამო, პრობლემებთან გამკლავების ან მათგან გაქცევის მიზნით იყენებენ.

განსხვავებულია ის ნარკოტიკული საშუალებებიც, რომლებსაც ამ ორი, რადიკალურად განსხვავებული გარემოების გამო მოიხმარენ ახალგაზრდები. ერთი მხრივ, ეს არის „კლუბური ნარკოტიკი“: ექსტაზი, ამფეტამინი, კოკაინი, კეტამინი, ელ-ეს-დი, რომლებსაც უმეტესწილად განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდები მოიხმარენ, ძირითადად ე.წ.  „rave”-ტიპის საზოგადოებაში. თუმცა მათი მომხმარება ასევე ხდება როგორც კოლეჯის წვეულებებზე, ისე ბარებსა და სხვა გასართობ ღონისძიებებზე. ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, ძირითადად ინჰალანტებს მოიხმარენ. მაგალითად, ეს გახლავთ: საღებავის გამათხელებელი, წებო, ბენზინი, საღებავი. მათი მოხმარება განპირობებულია დაბალი ფასითა და ადვილი ხელმისაწვდომობით. ამგვარად, ნარკოტიკის მოხმარების თავისებურებებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს  სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

განვითარებულ ქვეყნებში კანაფის ყველაზე მეტი მოხმარება ძირითადად განპირობებულია ორი მიზეზით: პირველ რიგში იგი ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი სუბსტანციაა და ასევე მიიჩნევა ყველაზე უსაფრთხო და ნაკლები ზიანის მომტან ნარკოტიკულ საშუალებად. ასევე, კანაფი ხშირად გამოიყენება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება საქართველოში

ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვისაც. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18-24 წლის რესპონდენტთა შორის კანაფი გასინჯული ჰქონდა 10.4%-ს, ხოლო 3.4%-ს – ექსტაზი (Dershem et al., 2012). 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18-დან 64 წლამდე რესპონდენტების 15-16%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული კანაფის პროდუქტები (კირთაძე და სხვ., 2015). 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, სადაც გამოიკითხნენ თბილისის ღამის კლუბების სტუმრები, რესპონდენტთა უმრავლესობამ (70%) აღნიშნა,  რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში და მათგან ყველაზე ხშირად ექსტაზის, ამფეტამინს, კეტამინს და კანაბინოიდებს (Beselia et al, 2019). 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 97% ბოლო 12 თვის განმავლობაში მოიხმარდა კანაფს, ექსტაზის – 54.5%, ლსდ-ს – 34.1%, კეტამინს – 28.8% (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა (90%) იყო დასაქმებული ან თვითდასაქმებული და ნახევარზე მეტის საშუალო შემოსავალი აღემატებოდა 1000 ლარს. კვლევის შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მანიშნებელია და გამოკითხულთა შორის უპრეცედენტო რაოდენობის მოხმარებას ასახავს როგორც კანაბინოიდების, ისე ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მიმართულებით. აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ კვლევის გავრცელება მოხდა სოციალური პლატფორმით და შესაძლოა კითხვარით ძირითადად ის ადამიანები დაინტერესებულიყვნენ, ვისაც ჰქონდა მოხმარების პრაქტიკა და, შესაბამისად, ინტერესი აღნიშნული თემისადმი. მიუხედავად ამისა, კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა თავად მოხმარების თავისებურებების შესახებ.

2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 279 სკოლის 3000-ზე მეტმა მოსწავლემ, მოსწავლეთა 25%-სთვის ძალიან ადვილია კანაბინოიდების პროდუქტების მოპოვება, რაც 21%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. ასევე, მოსწავლეთა 14%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუხმარია კანაბინოიდების პროდუქტები, 2%-ს – ექსტაზი (ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, 2019).

2023 წელს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 447 რესპონდენტის გამოკითხვა სამ ქალაქში (სამტრედია, ქუთაისი და თბილისი) 27 დახურული კითხვარით. რესპონდენტთა შერჩევის მეთოდად გამოყენებულ იქნა მოხერხებული/იოლად ხელმისაწვდომი შერჩევა (convenience sampling).

კვლევამ აჩვენა ახალგაზრდებში კანაბინოიდების საკმაოდ მაღალი მოხმარება (30.9%) ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მანიშნებელია. ამასთან, მოხმარების პრაქტიკა რამდენიმეჯერ ჰქონდა გამოკითხულთა 8.7%-ს. რაც შეეხება ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარებას, რესპონდენტთა 13.9% ჰქონდა პრაქტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში; მათ შორის რამდენიმეჯერ – 4.9%-ს. საყურადღებოა, რომ კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებლებიდან 71% მამაკაცია და 29% ქალი. კანაბინოიდების მომხმარებელთა 68%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 63% ეკუთვნოდა 19-25 ასაკობრივ ჯგუფს.

კანაბინოიდების მომხმარებლების 79% ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 86%-ის შემთხვევაში ოჯახის წევრი, მეგობარი ან ორივე მოიხმარენ კანაბინოიდების პროდუქტებს. ამასთან, იმ რესპონდენტთა 39%, რომელთა მეგობარიც მოიხმარს კანაბინოიდებს, თავადაც მოიხმარს აღნიშნულ ნივთიერებებს, ხოლო ოჯახის წევრისა და მეგობრის შემთხვევაში – 53%. კანაბინოიდების მომხმარებელთა 76%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 81% ამავდროულად იყო თამბაქოს რეგულარული  მომხმარებელი.

კანაბინოიდების მომხმარებელთა 83%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 85% უმაღლესი განათლების მქონე პირები არიან. კვლევამ აჩვენა, რომ კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მომხმარებელთა შორის ჭარბობს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი. უფრო ნაკლებია მაგისტრანტებში და კიდევ უფრო ნაკლებია დოქტორანტებში. სტუდენტის სტატუსის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ზრდასთან ერთად მცირდება კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მოხმარება. აღნიშნული ადასტურებს, რომ რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო მცირდება კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მოხმარება. თუმცა, აკადემიური მოსწრების მხრივ, კანაბინოიდების (30%),  ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა უმეტესობას (31%) წარმოადგენენ რესპონდენტები, რომელთა GPA 2-სა და 3-ს შორისაა.

კვლევამ ასევე გამოავლინა რამდენიმე საინტერესო ფაქტი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სოციალურ-ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის კუთხით. კერძოდ, კანაბინოიდების მომხმარებლების 80%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებლების 77% დასაქმებული ან თვითდასაქმებულია. სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ კანაბინოიდების მომხმარებელი მოზარდების დიდი რაოდენობა იყო უმუშევარი, რაც აიხსნება იმ გარემოებით, რომ უმუშევრობა და, შესაბამისად, სოციალურად დაუცველობა ზრდის  მოხმარების რისკს.

საყურადღებოა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობას ინფორმაცია კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ჯანმრთელობაზე მოქმედების შესახებ არავალიდური წყაროებიდან აქვს (ინტერნეტი, სოციალური ქსელები). კერძოდ, კანაბინოიდების მომხმარებელთა უმეტესობა (35%), ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 18% ინფორმაციის უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს ინტერნეტს. აღნიშნული მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში ნაკლები ყურადღება ექცევა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებს.

კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი (46.4%), მეგობრები (31.2%), გართობის სურვილი (26.8%), და სოციალური გარემო (20.3%). ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი (43.5%), მეგობრები (32.3%), გართობის სურვილი (22.6%) და მოხმარების რომანტიზება (17.7%). 40.3%-ის აზრით, მათი მეგობრები მოიხმარენ კანაბინოიდების პროდუქტებს, ხოლო 32.9% თვლის, რომ მათი მეგობრები მოიხმარენ ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს.

რესპონდენტთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მოხმარება და მიუთითა  მათი ნეგატიური გავლენა პროდუქტიულობაზე, სოციალიზაციაზე, რამაც შესაძლოა განაპირობოს არარაციონალური ან საზიანო გადაწყვეტილება, ფინანსური ზარალის მიღება. კერძოდ, რესპონდენტთა უმრავლესობის (89.9%) აზრით, კანაბინოიდები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა (96.9%) მიიჩნევს, რომ ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება მომხმარებლის გამოცდილებას, რესპონდენტთა უმრავლესობა (47.1%) მიიჩნევს, რომ კანაბინოიდები ნეგატიურად მოქმედებენ მათ პროდუქტიულობაზე, ხოლო სოციალიზაციისთვის ხელის შემშლელ  ფაქტორად მიიჩნევს 13.8% (n=19). ასევე, რესპონდენტთა უმრავლესობა (37.1%) თვლის, რომ ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მიღება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად მოქმედებს, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ მიუღია არარაციონალური ან საზიანო გადაწყვეტილება. იმავე რაოდენობის რესპონდენტები თვლიან, რომ მიუღიათ ფინანსური ზარალი ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების გამო (21%).

კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების ხშირი მოხმარების სოციალური შედეგები მოიცავს სწავლაში წარუმატებლობას, სწავლის მიტოვებას, უმუშევრობას და დანაშაულს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობის მაღალი დონე. კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მოხმარება  აზიანებს თავის ტვინის ფუნქციებს, მათ შორის: მეხსიერებას, ემოციებს, შემეცნებას, კონცენტრაციის უნარს, მოძრაობას.

კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის ქცევითი სიმპტომები კორელაციაშია კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების ფაქტორთან. რესპონდენტთა უმრავლესობის (34.1%) აზრით, კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარება იწვევს კონცენტრაციის უნარის ნაკლებობას, შფოთვას (33.3%), დეპრესიას (25.4%), უძილობას (25.4%). რესპონდენტთა უმრავლესობა – 50% – თვლის, რომ ჰალუცინოგენები იწვევს შფოთვას, უძილობას (43.5%), დეპრესიას (37.1%), სტრესს (37.1%). ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ რამდენადაც შფოთვის სიმპტომები გავრცელებულია, კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მოხმარების სიხშირე უფრო მაღალია.  ამ დასკვნას აქვს კლინიკური და საგანმანათლებლო მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდები, რომლებიც განიცდიან მაღალი დონის შფოთვას, იმყოფებიან კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მოხმარების რისკის ქვეშ. ამგვარად, კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების  მოხმარების რისკის ქვეშ მყოფი პირები საჭიროებენ ქცევითი ჯანმრთელობის ჩარევას შფოთვის, დეპრესიისა და უძილობის სიმპტომების და, შესაბამისად, კანაბინოიდებისა და ჰალუცინოგენების მავნე გამოყენების შესამცირებლად.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც მოიხმარდნენ კანაბინოიდების პროდუქტებს, მხოლოდ 29%-ს დაუფიქსირდა ზედოზირების ფაქტი, ხოლო 71%-ს არასდროს ჰქონია ასეთი გამოცდილება. იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც მოიხმარდნენ ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს, მხოლოდ 22.6%-ს დაუფიქსირდა ზედოზირების ფაქტი, ხოლო 77.4% რესპონდენტს არასოდეს ჰქონია მსგავსი პრაქტიკა.

მნიშვნელოვანი საკითხია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ ნდობის საკითხი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ. კერძოდ, ზედოზირების ფაქტის დაფიქსირებისას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოეხსნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის გამოძახების ვალდებულება. გამოკითხულთა უმრავლესობა (70.4%) აღნიშნავს, რომ ზედოზირების ფაქტის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, 9,9% თავის თავს თავად დაეხმარებოდა და მხოლოდ 11.2% სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მხოლოდ ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ზედოზირების შემთხვევაში დაუკავშირდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ზედოზირების შემთხვევაში რესპონდენტების 20% არ მიმართავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რაც საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი ციფრია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ მუშაობას საჭიროებს.

რაც შეეხება ლეგალიზაციის საკითხს, გამოკითხულთა დიდი  უმრავლესობა (76.2%) არ უჭერს მხარს არცერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას, 18% მხარს უჭერს მხოლოდ კანაბინოიდების ტიპის ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას და 3.8% მხარს უჭერს როგორც კანაბინოიდების, ისე ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ლეგალიზებას.

რეკომენდაციები

კვლევამ აჩვენა ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების საკმაოდ მაღალი მოხმარება. აღნიშნული მიგვანიშნებს სახელმწიფოს მხრიდან საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების გაზრდის აუცილებლობაზე ნარკოტიკული საშულებებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რადგან რესპონდენტთა უმრავლესობას ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე არავალიდური წყაროებიდან აქვს მიღებული. ასევე საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ნდობის ტელეფონის პრინციპზე აგებული ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს, საჭიროების  შემთხვევაში, კომპეტენტური პირისგან მიიღონ რჩევა და რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია სატელევიზიო და სოციალური ქსელების სივრცეში კომპეტენტური ორგანიზაციების ჩართულობის ამაღლება, რადგან ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აღნიშნული წყაროებიდან იღებს ინფორმაციას და, შესაბამისად, არავალიდური ინფორმაციის მიღების შანსიც გაზრდილია.

საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონიძიებების გატარებას, სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი ინფორმაციის წყაროების მაქსიმალურად ათვისებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განსაკუთრებით კი მენტალური ჯანმრთელობის კუთხით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას მნიშვნელოვანად შეუძლია გააუმჯობესოს მდგომარეობა ნარკოტიკული საშულებების მოხმარების შემცირების კუთხით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ალტერნატივა ჯორჯია. (2021). ევროპული ვებგამოკითხვა ნარკოტიკებზე – 2021. თბილისი: ალტერნატივა ჯორჯია.
  • კირთაძე, ი., ოთიაშვილი, დ., ტაბატაძე მ. (2015). ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში. თბილისი: კვლევითი ცენტრი – ალტერნატივა ჯორჯია.
  • ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. (2019). ნარკოვითარების წლიური ანგარიში 2019. თბილისი: ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
  • Dershem L, Tabatadze M, Kamkamidze G, Aldridge S, Djibuti Youth Behavioral Surveillance Survey: HIV/AIDS Knowledge, Attitudes, and Practices among School Pupils and University Students in Tbilisi, Georgia. United States Agency for International Development. 2012.

გააზიარე

7 კომენტარი

  1. An impressive share, I simply given this onto a colleague who was doing a bit of analysis on this. And he in actual fact purchased me breakfast because I found it for him.. smile. So let me reword that: Thnx for the treat! However yeah Thnkx for spending the time to debate this, I feel strongly about it and love studying extra on this topic. If doable, as you become expertise, would you mind updating your weblog with extra particulars? It is extremely helpful for me. Massive thumb up for this blog post!

  2. Good ?V I should certainly pronounce, impressed with your website. I had no trouble navigating through all the tabs and related info ended up being truly easy to do to access. I recently found what I hoped for before you know it at all. Reasonably unusual. Is likely to appreciate it for those who add forums or anything, web site theme . a tones way for your customer to communicate. Excellent task..

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *