საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა „ნაპოლის“ ქომაგებს შორის ჩატარდა.
მარტში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა, რომელთა განმავლობაში ორი გოლის გატანა შეძლო. ქართველმა ფეხბურთელმა თავი „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩებში გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია იტალიის სერია A-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატადაც დასახელდა. ტიტულისათვის ბრძოლაში მისი კონკურენტები არიან: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ტეუნ კუპმეინერსი (ატალანტა) და რაფაელ ლეაო (მილანი). ხმის მიცემა უკვე დასრულებულია და სერია A-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას კარგი თამაში გასულ სეზონშიც არაერთხელ დაუფასდა – ის სერია A-ის MVP-დ სამჯერ: აგვისტოში, თებერვალსა და მარტში დასახელდა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში თავი 10 გოლითა და შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებად 80 მილიონი ევროა მითითებული. ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 85 მილიონ ევროდ, 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ფასობდა.