2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ოქროს ფასმა რეკორდული ნიშნული არაერთხელ გადალახა. ძვირფასი ლითონის ღირებულება განსაკუთრებით მარტისა და აპრილის თვეებში გაიზარდა. წლიურ ჭრილში ოქრო დაახლოებით 16.5%-ით არის გაძვირებული. სამშაბათის მდგომარეობით კი უნცია ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 2,364 აშშ დოლარს მიაღწია.
საინტერესოა, რამ განაპირობა ბოლო პერიოდში ძვირფასი ლითონის მკვეთრი გაძვირება. ექსპერტების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ ინვესტორები, რომლებიც ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელიან და ამის ფონზე ძვირფას ლითონს, როგორც უსაფრთხო აქტივს, აქტიურად ყიდულობენ. ოქროზე მოთხოვნის ზრდა კი მისი ფასის მატებას იწვევს.
თუმცა, ამის მიღმა, ოქროს ღირებულების ზრდას ხელს სხვა ფაქტორებიც უწყობს, მათ შორის ცენტრალური ბანკები, ჩინეთის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამ ძვირფასი ლითონით აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. მაგალითისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო ბანკმა მარტში 160,000 უნცია ოქრო შეიძინა. აღსანიშნავია, რომ აზიური სახელმწიფო მსგავს ნაბიჯებს ზედიზედ მე-17 თვეა, დგამს და, შედეგად, მისი ოქროს რეზერვები 72.74 მილიონ ტროას უნციამდე გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ეს პერიოდი ჩინეთსა და აშშ-ის ურთიერთობაში გაღრმავებულ კრიზისს ემთხვევა.
ამავე აზრს იზიარებს UBS-ი, რომლის თანახმად, ცენტრალური ბანკების მიდრეკილება ოქროს რეზერვების ზრდისკენ შესაძლოა, ასახავდეს მათ სურვილს აშშ დოლარისგან „დივერსიფიკაციასთან“ დაკავშირებით. ამის მიზეზი კი გაურკვეველ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თავის დაზღვევაა. ამისთვის ჩინეთის მაგალითიც კმარა. თავის მხრივ, ცენტრალური ბანკების მიერ ოქროზე მოთხოვნის ზრდა ინვესტორების ნაბიჯებზე ახდენს გავლენას, რაც საბოლოოდ ძვირფასი ლითონის ფასებზე აისახება.
კვლავ აზიური ქვეყნის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, Capital Economics-ის განცხადებით, ჩინელი ინვესტორები გასულ წლებში ქონების შეფასებისა და კაპიტალის ფასების ვარდნის ფონზე ოქროს ალტერნატიულ აქტივად განიხილავენ.
ჩინეთის მსგავსად ოქროს მარაგებს ზრდიან სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც, მათ შორის აღსანიშნავია ინდოეთი, ყაზახეთი და თურქეთი. UBS-ის თანახმად, ამ შესყიდვების ზრდას, ინდოეთის შემთხვევაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მატება განაპირობებს.
ზემოთ გაჟღერებულ მოსაზრებას იზიარებს Currency Research Associates-ის აღმასრულებელი დირექტორი, ულფ ლინდალი. მისი თქმით, ცენტრალური ბანკების მოთხოვნა ოქროზე, დოლარზე დამოკიდებულების შემცირების ნიშანია. ლინდალის განცხადებით, დოლარი სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება ცენტრალური ბანკებისთვის, რომლებსაც სურთ აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირონ. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.
მათ შორის, JP Morgan-ის მოსაზრებით, ოქრო, დიდი ალბათობით, ყველაზე მიმზიდველი აშშ-ის არამოკავშირე ქვეყნებისთვის უნდა იყოს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საფინანსო კომპანიის ვარაუდით, ისინი ძვირფასი ლითონის მარაგებს შეერთებული შტატების სანქციებისგან დაუცველობის მოტივით აგროვებენ.
აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ოქროს ფასები კიდევ უფრო იზრდება აშშ-ის ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის ჩინეთში ვიზიტის ფონზე. ვიზიტის მიზანია, მხარეებმა განიხილონ ფინანსური სტაბილურობა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში, მათ შორის, რასაც იელენი ჩინური ელექტრომობილების ჭარბ წარმოებას უწოდებს.
Moody’s-ის მთავარი ეკონომისტის, მარკ ზანდის მოსაზრებით, ოქროს ფასებზე საუბრისას აუცილებელია ნავთობის ღირებულების ზრდის ტენდენციაზეც გავამახვილოთ ყურადღება. მისი თქმით, ნავთობის ფასების ზრდა საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკას, ეს კი თავის მხრივ ინფლაციასთან დაკავშირებით შეშფოთების გამძაფრების მიზეზი ხდება. შექმნილ ვითარებაში ინვესტორები თავის გადასარჩენად კვლავ ოქროს მიმართავენ, რაც ძვირფას ლითონს კიდევ უფრო გააძვირებს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ოქროს ღირებულებამ წლის განმავლობაში უნციაზე $2,600-ს მიაღწიოს.